среда, 11 марта 2009 г.

ქუთაისის სატელევიზიო ანძა







მე თამუნა ამბროლაძე ვარ, ვსწავლობ ქუთაისის 22-ე სკოლის მე-9 კლასში, ჩემი
კლასის დამრიგებელმა და ინფომენეჯერმა ხათუნა მასწავლებელმა, როგორც ყოველთვის, მეტად საინტერესო იდეა შემოგვთავაზა: ჩავრთულიყავით პროექტში "ჩემი საცხოვრებელი ადგილი". შევიკრიბეთ 22 იანვარს კომპიუტერულ ლაბორატორიაში, გავეცანით პროექტს, მოგვეწონა. მე საფიჩხიის ზედა უბანში ვცხოვრობ. ეს ძირძველი ადგილია და ჩემი სკოლაც აქ არის, მე და ჩემმა კლასელებმა გადავწყვიტეთ ჩვენი უბნის კარგად შესწავლა. აქ ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტია.
დავრეგისტრირდით gmail-ში, გავიყავით ორ გუნდად, შევადგინეთ სამუშაო გეგმა და გავინაწილეთ დავალებები.
პირველი დავალება, რომელიც ჩემმა გუნდმა მიიღო, იყო ინფორმაციის მოპოვება ქუთაისის სატელევიზიო ანძაზე, რომელიც ჩვენს უბანშია და ამაყად გადაჰყურებს მთელს ქუთაისს.უამინდობის გამო რამდენიმეჯერ გადავდეთ დავალების შესრულება. როგორც იქნა 27 იანვარს ამინდი გამოვიდა და დიდი ინტერესით გავეშურეთ ანძისაკენ. ნიკუშამ ფოტოაპარატი წამოიღო, ბლოკნოტი და პასტები მოვიმარჯვეთ და გავუდექით გზას. მიუხედავად იმისა, რომ მოღრუბლული იყო, მაინც ხალისიანად გავლიეთ მთელი გზა. მივადექით შემაღლებულ ადგილზე მდგარ ანძას, საიდანაც ხელის გულივით ჩანდა ქუთაისი. ანძაზე დაგვხვდნენ დაწესებულების დირექტორი- გურამ სულთნიძე, ინჟინერი- დავით ლორთქიფანიძე, უხუცესი ინჟინერი- ნაპალეონ მეთოდიანი, რომელიც ეხლა აპარატურის შეკეთებაზე მუშაობს. აქვე იყო მორიგე ჯგუფი. ავიღეთ ინტერვიუები და ბევრი რამ გავიგეთ.












პირველი ანძა ააგეს 1956 წელს თბილისში, შემდეგ 1963 წლის დეკემბერში აიგო ქუთაისში. ინჟინერ კონსტრუქტორის ვინაობა უცნობია. ანძის სიმაღლე 218 მეტრს აღწევს. ანძაზე დამონტაჟებულია სარელიო რადიო გადამცემები, სახლის სატელეფონო კავშირები, მობილური ტელეფონების გადამცემები გვერდით არის რელეიკა, სადაც გადაცემები მონტაჟდება და ისე გადის ეთერში. ქუთაისიდან თბილისამდე 7 ასეთი დაწესებულებაა, ერთი მათგანიც რომ დაზიანდეს, ან გაითიშოს, არცერთი აღარ იმუშავებს. ანძაზე არის დამონტაჟებული მაგთის, ბალის და ბილაინის გადამცემი, ხოლო ცალკე მოშორებით არის ჯეოსელის ანძა. ანძის მოქმედების სიმძლავრე იმერეთს სცილდება და 50 კილომეტრ რადიუსს აღწევს. რაც შეეხება მომუშავე პირებს, ისინი არიან თერთმეტნი. მორიგეობა არის დღე-ღამური, სადაც 2 ადამიანია. მოპოვებული ინფორმაციით კმაყოფილი დავრჩით. დავემშვიდობეთ მასპინძლებს და გამოვეშურეთ შინისაკენ.